როგორ მოვიქცეთ და რა ჩავიcvათ გასაუბრებაზე?

by hrming

ერთი შეხედვით ყველას ჰგონია, რომ გასაუბრება იმისთვისაა საჭირო, რომ თქვენი კვალიფიკაცია გამოსცადონ. გასაუბრების წინ თქვენ ფიქრობთ, რომ “გაგტესტავენ”, ჩამჭრელ კითხვებს დაგისვამენ, იმ ენაზე დაგელაპარაკებიან, რომელსაც აპლიკაციაში ითხოვდნენ და ა.შ. რეალურად, გასაუბრებების 90% ამ ყველაფრის გარეშე მიმდინარეობს. ეიჩარებს შეუძლიათ ტყუილისა და სიმართლის ამოცნობა ან უკიდურეს შემთხვევაში გადამოწმება. მთავარი, კი რაზეც გასაუბრების დროს უნდა იფიქროთ, არის ის, თუ რა შთაბეჭდილებას დატოვებთ, როგორ მოიქცევით, როგორ გეცმევათ და რას მოჰყვებით ან იკითხავთ გასაუბრებაზე. რიგ შემთხვევაში მოქცევის წესები, მე თუ მკითხავთ, ბუნებრივია და ადამიანს ეს ყველაფერი ისედაც თანდაყოლილი (ცხოვრების განმავლობაში ნასწავლი) უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამოცდილებამ მიჩვენა, რომ უმეტესად ასე არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ამაზე პოსტის დაწერა.

გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ვიდრე უშუალოდ გასაუბრებაზე გადავიდოდე, ვახსენებ იმ შუა ეტაპს, რომელიც cv-ს შექმნასა და გასაუბრებას შორის არსებობს. კერძოდ, თქვენს რეზიუმეს ეცნობიან, ბეჭდავენ და შემდგომ გიკავშირდებიან. რა ინფორმაციის მატარებელია ეს ზარი? 1. გეუბნებიან კომპანიას, საიდანაც გიკავშირდებიან, 2. შეგახსენებენ ვაკანსიას, რაზეც გაგზავნილი გაქვთ cv, 3. გატყობინებენ დროსა და ადგილს, როცა შედგება შეხვედრა, ან გასაუბრება. ანუ. თქვენ უნდა დაიმახსოვროთ სამი რამ, რომელი კომპანიიდან დაგიკავშირდნენ, რა ვაკანსიასთან დაკავშირებით და სად უნდა მიბრძანდეთ და როდის (ხანდახან ემატება მეოთხე – თუ ვისთან გექნებათ შეხვედრა). ერთი შეხედვით ამ ყველაფრის დამახსოვრება ძალიან ადვილია, ჩემი გამოცდილებით კი ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ამ სამი კომპონენტიდან ორი მაინც, მათ შორის ხშირად დროც და ადგილიც.

დამიჯერეთ, ნამდვილად არ არის სასირცხვილო იმ ერთი წუთის განმავლობაში, როდესაც თქვენ ესაუბრებით კომპანიის წარმომადგენელს, დააზუსტოთ ზუსტად დრო, ადგილი, კომპანია, ვაკანსია! და შემდგომ თავი აღარ შეირცხვინოთ გასაუბრებაზე და არ იკითხოთ, უკაცრავად, რა ვაკანსიაზე გამოვგზავნე cv? ან არ მიბრძანდეთ 2 საათით ადრე ან დაგვიანებით.

ამას გარდა, არავითარ შემთხვევაში არ იკითხოთ სატელეფონო საუბარში ანაზღაურება და ასევე, არავითარ შემთხვევაში (!!) არ გაიმართლოთ თავი ამ კითხვის შემდეგ შემდეგი ფრაზით – “ტყუილად რომ არ მოვიდე”. არც ერთი სერიოზული კომპანია ამის შემდეგ თქვენთან საქმეს აღარ დაიჭერს. მე, რა თქმა უნდა, საუბარი არ მაქვს შ.პ.ს. “მავანზე” და ა.შ. ფირმებზე. მე გესაუბრებით ქვეყნის წამყვან ფირმებზე, რა თქმა უნდა.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ ვიმახსოვრებთ “სამივე” ინფორმაციას, მივდივართ დროულად, არც ადრე, არც გვიან, მაქსიმუმ 5-10 წუთით ადრე (ნახევარი საათით ადრე დამიჯერეთ უხერხულ სიტუაციაში აგდებთ ეიჩარებს, რომ შემდგომი 30 წუთი თქვენ უნდა გალოდინონ, რეალურად კი, ეს მათი ბრალი არ არის). აცნობებთ თქვენი მისვლის შესახებ ოფის მენეჯერს და მოთმინებით იცდით. ნუ ინერვიულებთ ლოდინის დროს, ხშირ შემთხვევაში, ეიჩარებს სულაც არ უნდათ რომ გალოდინოთ ან განერვიულოთ, უბრალოდ მათ უმეტესად რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უწევთ. ჰო, და კიდევ ერთი, თუ კომპანიაში პირველად მიდიხართ და ტელეფონზე ნათქვამი გასაუბრების ნაცვლად ტესტირება იქნება, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გააპროტესტებთ. უბრალოდ შეგიძლიათ იკითხოთ, თუ რა დროს მოითხოვს ტესტირება, და თუ ნამდვილად არ გაქვთ ამის დრო, ან სურვილი, მოიმიზეზოთ ის, რომ არ იყავით სამწუხაროდ ინფორმირებული და კეთილგანწყობით (მაინც) დაემშვიდობოთ კომპანიის წარმომადგენლებს.

გადავიდეთ უშუალოდ გასაუბრებაზე. უკვე აღვნიშნე, როდის უნდა გამოცხადდეთ დანიშნულების ადგილზე, ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა ჩაიცვათ, როგორ უნდა მოიქცეთ და რაზე უნდა ისაუბროთ ეიჩართან.

პირველ რიგში დავაზუსტოთ. გასაუბრებები ერთმანეთისგან განსხვავდება ორი რამით, ერთი, თუ რა პოზიციაზე გასაუბრება და მეორე, თუ რომელ ეტაპზე ტარდება გასაუბრება. რაც შეეხება პოზიციებს, ისინი დაყოფილია სამ ნაწილად, დაბალი, საშუალო და მაღალი (top) პოზიციებად. დაბალ პოზიციებს მიეკუთვნება ისეთი პოზიციები, რომლებსაც აქვს უშუალოდ მომხმარებელთან შეხება, შუა რგოლში ამ დაბალი პოზიციების მენეჯერები, ხოლო ზედა რგოლს მიეკუთვნებიან დეპარტამენტის, განყოფილების, სამსახურების უფროსები, გენერალური დირექტორი და ა.შ.

რა თქმა უნდა, განსხვავებულია ჩაცმის წესიც სხვადასხვა პოზიციაზე. როგორც წესი, თქვენი სამოსი უნდა იყოს ერთი საფეხურით იმაზე ზევით, ვიდრე აცვიათ იმ პოზიციაზე მომუშავე ადამიანებს, რა პოზიციაზეც გაქვთ გასაუბრება. უფრო მარტივად, მაგალითისთვის, თქვენ გაქვთ გასაუბრება დაბალ პოზიციაზე, რომელზე მომუშავეებსაც აცვიათ უნიფორმა, ვთქვათ, აპირებთ მეხანძრეობას, მიდით გასაუბრებაზე ჯინსით და სადა მაისურით. განსხვავებულად უნდა მიხვიდეთ ბანკში და ისეთ კომპანიებში, რომლებშიც დაბალ პოზიციაზეც კი მკაცრი დრესკოდია (ჩაცმის ნორმა).

ახლა მოვყვები ზოგად რჩევებს ნებისმიერი პოზიციისთვის და შემდგომ გადავალ უშუალოდ middle და top პოზიციებზე.

აუცილებლად ჩაიცვით სადად, ნუ გამოიყენებთ ჭყეტელა ფერებს, კაცების შემთხვევაში გაიპარსეთ წვერი (ან თუ დაბალზე ატარებთ, უბრალოდ მოიწესრიგეთ წვერი), ქალების შემთხვევაში – ნუ გაიკეთებთ მკვეთრ მაკიაჟს, ნუ ჩამოიკიდებთ ყურებზე დიდ, თვალშისაცემ საყურეებს, ჩხარუნა სამაჯურებს, დიდ საათებს, გიგანტურ ყელსაბამებს, ნუ იპკურებთ მძაფრ სუნამოს (და თუნდაც არ იყოს მძაფრი, ნუ იპკურებთ უშუალოდ გასაუბრებაზე შესვლამდე).

ასევე, სამწუხაროდ, არ შემიძლია არ აღვნიშნო ჰიგიენის პრობლემა, მითუმეტეს ზაფხულში. ასევე სამწუხაროდ, არ შემიძლია არ აღვნიშნო ისიც, თუ რამდენის კანდიდატურა აღარ განგვიხილავს ამის გამო ვაკანტურ პოზიციაზე. მართლა სამწუხაროა ჩემთვის ის, რომ ამაზე საუბარი მიწევს, მაგრამ აუცილებლად გეტყვით. აუცილებლად მიიღეთ შხაპი გასაუბრებაზე წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე და აუცილებლად გამოიყენეთ დეზოდორანტი.

რაც შეეხება middle და top პოზიციებს. ამ პოზიციაზე არ აქვს მნიშვნელობა რიგით მერამდენე გასაუბრებაა, აუცილებლად ჩაიცვით კლასიკურად, შესაძლოა გეცვათ ჯინსი, ბლუზა და პიჯაკი, მაგრამ გეცვათ კლასიკურად. ნუ ჩაიცმევთ საღამოს კაბებს! ამას გარდა, ქალების საყურადღებოდ, ნუ გაიკეთებთ თვალშისაცემ ვარცხნილობას, წიპა “ვზრივ ნა მაკარონნოი ჶაბრიკე”… ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თქვენ სერიოზულ კომპანიას ვერ წარმოადგენთ. განსაკუთრებით კლასიკურად (ამავე დროს გემოვნებით) ჩაიცვით გენერალურ დირექტორთან გასაუბრების დროს. და გახსოვდეთ, ამ დროს ეიჩარი თქვენს მხარეზეა, მისი შერჩეული ხართ და სურს რაც შეიძლება კარგად წარმოაჩინოთ თქვენი თავი. ასე რომ, don’t let us down.

ახლა უშუალოდ იმის შესახებ, თუ რაზე და რამდენი უნდა ისაუბროთ გასაუბრებაზე. თავდაპირველად, ნუ გაოცდებით, თუ თქვენი რეზიუმეს მოყოლა მოგიწევთ, ამისთვის მზად უნდა იყოთ. კარგი იქნება, თუ რეზიუმეში ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი გექნებათ მითითებული და თქვენს მონაყოლსა და cv-ს შორის განსვლა ნაკლებად იქნება. ასევე მზად იყავით იმისთვის, რომ აუცილებლად გკითხავენ სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებს. ამისთვის თქვენ კარგი/ სწორი პასუხები უნდა გქონდეთ შერჩეული, და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ტყუილი. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ მსგავსი განცხადებები: “cv-ში ხო მიწერია”; ” უფროსთან უთანხმოება მქონდა”; “უფროსი ვერ შემეწყო”; “ვერ დამაფასეს”; და ა.შ. მისაღებია  “ოჯახური მიზეზების გამო, კერძოდ უკეთესი სამსახური დამჭირდა ან სხვაგან გადავედი საცხოვრებლად”; “ანაზღაურება არ იყო საკმარისი”; და ა.შ.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეიჩარს უნდა დაანახოთ თქვენი დაინტერესება ვაკანსიისადმი, თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, ნუ დააყრით კითხვებს და ნუ იქნებით არაკორექტული, დასვით მხოლოდ არსებითი შეკითხვები. თუ თვითონვე არ გკითხეს სახელფასო მოლოდინის შესახებ, ნუ იკითხავთ ანაზღაურებას პირველივე ეტაპზე. თუ გკითხეს სახელფასო მოლოდინის შესახებ და გიჭირთ პასუხის გაცემა, დაუსვით საპასუხო შეკითხვა, ვთქვათ, გააჩნია დატვირთვას, გრაფიკს.. ან უთხარით თქვენი ამჟამინდელი ხელფასი და ის, რომ ამ ანაზღაურებაზე მეტი თუ არ იქნა, თქვენ არ გიღირთ სამსახურის დატოვება. საკმარისია თქვენი მხრიდან დასმული 3-4 შეკითხვა, ასევე ეიჩარის კითხვებზე პასუხებიც სასურველია იყოს ინფორმატიული და ლაკონიური.

მე მგონი, ეს საკითხიც ამოვწურეთ, რაც შეეხება მოქცევას, მარტივია. მისვლისას, წარუდგინეთ თქვენი თავი, დაელოდეთ, რომ დაჯდომას შემოგთავაზებენ, დაბრძანდით მაქსიმალურად მორიდებულად, ნუ წამოიპლაკვებით (:))) ) და ნუ გამოავლენთ თქვენს მავნე ჩვევებს. გამორთეთ მობილური ტელეფონი. გადააგდეთ საღეჭი რეზინი გასაუბრებამდე. საუბრისას უყურეთ იმ ადამიანს, ვინც კითხვებს გისვამთ და დროდადრო გადახედეთ მის თანმხლებს (თუ ასეთი არსებობს). ისაუბრეთ გარკვევით და იმ ტონალობაში, რა ტონალობაშიც ისაუბრებს ინტერვიუერი. დამშვიდობებისას წამოდექით, მადლობა გადაუხადეთ მოწვევისთვის, საჭიროების შემთხვევაში ხელი ჩამოართვით და დაემშვიდობეთ. ნუ დაუწყებთ თქვენი გასაუბრების შესახებ მოყოლას დერეფანში მომლოდინე სხვა კანდიდატებს.

ჰო, და კიდევ, გახსოვდეთ, ჩვენ თქვენ მხარეს ვართ :)

ეიჩარისთვის ძალიან დიდი სიხარულია, როცა მისი შერჩეული კადრით აღფრთოვანებაში მოდის top managment-ი. ასე რომ, ნუ გაგვაწბილებთ :)