როგორ გავCVდეთ ეფექტურად

by hrcreative

ზაფხული მუშაობისთვის ყველაზე შეუფერებელი პერიოდია. ამ დროს გინდა სადმე გრილად, შენს მეგობრებთან ერთად ინებივრო, არაფერზე იფიქრო, ცხოვრება მშვენიერია ამ დროს. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ მალე გავა ზაფხული და აღმოჩნდება რომ ჩვენს ირგვლივ ყველა სადღაც მიეშურება, ზოგი სიხარულით, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ყველას თავისი საქმე აქვს – მუშაობს. შენც გაგიჩნდება ძალიან მალე მუშაობის სურვილი, საკუთარი ფულის გარდა ამის მიზეზი ისიც იქნება, რომ აღმოაჩენ ერთ დღესაც – ყველა შენი მეგობარი დაკავებულია და გარშემო არავინაა, ვისაც თავისუფალი დრო აქვს შენთან ერთად უსაქმურობისთვის. ამიტომ, დროა შეიმუშავო კარგი  CV და გაეშურო შენც ბედის საცდელად. ამაში კი შევეცდები მე დაგეხმაროთ. სულ მალე გაილევა ეს ცხელი აგვისტოც, სექტემბერი კი ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია ახალი საქმიანობების წამოწყებისათვის.

მოდით, გადავიდეთ უშუალოდ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს CV და რას ექცევა ყურადღება მათი გადარჩევისას.

ნუ გადატვირთავთ რეზიუმეს ზედმეტი ხაზებითა და ჩარჩოებით, შეარჩიეთ რაც შეიძლება სადა დიზაინი, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მნიშვნელოვანია ადვილად აღქმადი იყოს CV და საჭირო ინფორმაცია მარტივად მოიძებნოს. მაგ. უმჯობესია თუკი საკონტაქტო ინფორმაციას მიუთითებთ მარჯვენა ზედა კუთხეში. საკონტაქტო ინფოში არ ჩაწეროთ თქვენი პირადობისა და პასპორტის ნომრები, მერწმუნეთ ის არავის აინტერესებს. მიუთითეთ ტელეფონი, როგორც მობილური ასევე, სახლის. ზოგჯერ ხდება, რომ ვერ ხერხდება მობილურზე დაკავშირება და სახლის ტელეფონი ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ხოლმე. მსგავსი დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ელექტრონულ ფოსტასაც. სხვათაშორის, მნიშვნელოვანი პუნქტია დაბადების წელის მითითება და ასევე, ოჯახური მდგომარეობის. ჩემს გამოცდილებაში ყოფილა, რომ დისკომფორტი შეუქმნია იმას, რომ არ მცოდნია კანდიდატის ასაკი. ამას მნიშვნელობა ენიჭება  იმდენად, რამდენაც ზოგ პოზიციაზე ასაკობრივი შეზღუდვაც აქვთ, ეს დაგეხმარებათ სამუშაოს მაძიებლებს, რომ არ დახარჯოთ ფუჭად დრო და არ ჩამოიყალიბოთ გარკვეული მოლოდინები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დღევანდელ დღეს ასაკი დიდ როლს თამაშობს. მნიშვნელოვანია თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მარტივად მოსაძებნი იყოს და ბევრი დრო არ დახარჯოს დამსაქმებელმა ნომრის ძებნაში. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან მომენტს, ეს არის ფოტო CV-ში. არის გაკვეული პოზიციები, სადაც გარეგნული მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგალითად, როდესაც ადამიანს უწევს კლიენტებთან ურთიერთობა, ის გარკვეულწილად კომპანიის სახეა და შესაბამისად, მის გარეგნულ მონაცემებს ექცევა ყურადღება. თუკი ფოტოს დაურთავთ CV-ს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფოტო უნდა იყოს ან 3 / 4 ზე ან რაც შეიძლება სადა. ნუ დაურთავთ რეზიუმეს პლაჟზე გადაღებულ ფოტოებს, საღამოს კაბებში გამოწყობილები რაც არ უნდა კარგად გამოიყურებოდეთ, ასეთმა ფოტომ შესაძლოა გაგიფუჭოთ არც თუ ისე ცუდი CV, რადგან ასეთ სურათებიან რეზიუმეებს, როგორც წესი, სერიოზულად არ აღიქვამენ დამსაქმებლები. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ განწყობას ჩამოუყალიბებთ ადამიანს, რომელიც თქვენს რეზიუმეს კითხულობს.

ხშირად, ყველაზე რთული რაღაცის დაწყებაა ხოლმე, ანუ რითი დავიწყოთ წერა, რა დავწეროთ პირველი CV-ში. როგორც წესი, უმჯობესია დაიწყოთ განათლებით, რა სასწავლებლები გაქვთ დამთავრებული,  მიუთითეთ წლები და მიღებული ხარისხი. ასევე, მნიშვნელოვანია იმ ტრენინგებისა და კურსების მითითება, რომლებიც გავლილი გაქვთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ეს კურსები უშუალოდ ეხება გამოცხადებულ ვაკანსიას. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ნუ ჩაწერთ ყველა ტრენინგს, რომელიც ოდესმე სადმე გაგივლიათ, რაღაც მიყრუებულ ტრენინგ ცენტრებში. ასევე, თავი შეიკავეთ იმის მითითებისგან, რომელი მუსიკალური სკოლა დაამთავრეთ, რამდენწლედი და როგორი წარჩინებით (თუ რა თქმა უნდა მოთხოვნა არ არის უშუალოდ აპლიკაციაში). რაც შეეხება სკოლას, როგორც წესი არ არის საჭირო სკოლის მითითება და ის რომ ოქროს მედალზე დაამთავრეთ. განათლება პირდაპირ უმაღლესით დაიწყეთ. მოკლედ, დაწერეთ მხოლოდ ინფორმატიული ტრენინგები და კურსები, რომლებიც უშუალოდ ეხება გამოცხადებულ ვაკანსიას, ნუ გაბერავთ და გაწელავთ CV-ს უაზრო და უადგილო სერტიფიცირებული კურსებით.

შემდეგ უკვე იწყებთ სამუშაო გამოცდილებით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ადგილას წერთ თქვენს ბოლო სამუშაო პოზიციას და მიყვებით ქრონოლოგიურად ქვემოთ ანუ დაწერთ თქვენს სულ ბოლო სამუშაო ადგილს, შემდეგ იმის წინას და ა.შ და მოუყვებით აწმყოდან წარსულისკენ. მარცხენა მხარეს დაწერეთ მუშაობის წლები, თუკი ხანმოკლე იყო პერიოდი, უმჯობესია თუკი წლებსაც მითუთებთ, კარგი ჟესტია, როდესაც არ მალავთ, რომ თუნდაც რამდენიმე თვე გაქვთ ნამუშევარი. მარჯვენა მხარეს დაწერეთ კომპანია სადაც მუშაობდით, ამის ქვემოთ სამუშაო პოზიცია და უმჯობესია, თუკი ძალიან მოკლედ მიუთითებთ თუ რა შედიოიდა თქვენს მოვალეობებში, რა იყო საკვანძო და ძირითადი ფუნქციები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თითო პოზიციაზე ერთი გვერდი ისაუბროთ, მოკლე და ინფორმატიული მინაწერი გააკეთეთ.

უპირველეს ყოვლისა, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც თქვენს კარგად შედგენილ  CV-ს აგზავნით ვაკანსიას, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა მოთხოვნებია წამოყენებული. შეიძლება თქვენი კვალიფიკაცია არ იყოს ისეთი, როგორიც  ჭირდება დამსაქმებელ კომპანიას ( ეს გასაკვირი სულაც არაა, შეიძლება თქვენ სულ ახლახანს დაიწყეთ კარიერის აწყობა, მათ კი უკვე ძალიან გამოცდილი კადრები ჭირდებათ), უბრალოდ, შეეცადეთ რომ თქვენი CV შეესაბამებოდეს იმ ვაკანსიას, რომელიც გამოაცხადეს. ამ რჩევას გაძლევთ, როგორც უშუალო მონაწილე რეზიუმეების გაფილტვრისა. ხშირად შემხვედრია არაჩვეულებრივი CV, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამო ჩვენს ვაკანსიასთან. უბრალოდ მერე შეიძლება ისე მოხდეს, რომ ბევრ შეუსაბამო ვაკანსიაზე გაგზავნილი CV აღარ იყოს აღქმული სერიოზულად, რეალურად შეიძლება ერთ-ერთ ვაკანსიას ნამდვილად შეესაბამებოდეთ, მაგრამ ხშირად გადაკითხული თქვენი CV (ხშირად გადაკითხული შეუსაბამო ვაკანსიებზე) თავისდაუნებურად მოხვდეს თამაშგარე მდგომარეობაში. ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ, კარგად წაიკითხეთ სამუშაო აღწერილობა და მხოლოდ მას შემდეგ გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

ხო, რაც კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, მეილის გაგზავნისას, თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რადგან სხვა შემთხვევაში, თქვენი შრომა წყალში ჩაგეყრებთ – თქვენს მშვენიერ CV-ს ვერავინ წაიკითხავს, რადგან, როგორც წესი, უსათაურო CV-ს არ განიხილავენ. პირველ რიგში ამის მიზეზი არის ის, რომ როდესაც რაიმე კონკრეტული არ გაქვს მითითებული, ძალიან რთულია იმკითხაო კანდიდატს რა პოზიციაზე სურს მუშაობა და რას ელის დამსაქმებელი კომპანიისგან. ამიტომ, არ დაგავიწყდეთ დაასათაუროთ თქვენი მეილი, სანამ გააგზავნით.

საერთოდ, ვფიქრობ რომ CV-ს შედგენა და გაგზავნა უნდა დაიწყოთ მას შემდეგ, რაც კარგად წაიკითხავთ სამუშაო აღწერილობას, რა ფუნქცია-მოვალეობები ექნება კანიდატს დასაქმების შემთხვევაში და როგორია მოთხოვნები. ყოველი აღწერილობის ბოლოს, იქ სადაც საკონტაქტო მეილია მოცემული, აუცილებლად წერია რა დამატებითი საბუთებია საჭირო და CV რა ენებზე უნდა გადააგზავნოთ. თუკი აპლიკაცია ინგლისურ ენაზეა მოცემული, მაშინ უმჯობესია CV-ც ინგლისურენოვანი გადააგზვნოთ, ინგლისური აპლიკაცია ნიშნავს, რომ ამ ენის ცოდნას მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად ინგლისური რეზიუმე კარგი ჟესტია. თუმცა, გამართული ქართული CV-ც არანაკლებ მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს. პრინციპში, აპლიკაციაზე ბევრი რამე დამოკიდებული. სწორედ მისი სახით ცდილობს კომპანია თავისი სათქმელი გამოხატოს და თქვენგანაც სწორ აღქმას ელოდება. რაც უფრო კარგად გაუგებთ აპლიკაციას, მით უფრო დაგაფასებთ ის მომავალში.

შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ერთმა და იგივე კომპანიამ ორი სხვადასხვა ვაკანსია გამოაცხადა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ორივე ვაკანსიაზე არ გააგზავნოთ CV. იმიტო რომ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი ფილტრავდეს შემოსულ რეზიუმეებს და ის ჩათვლის, რომ თქვენი კონკრეტული სამუშაოთი კი არ ხართ დაინტერესებული, არამედ უბრალოდ მუშაობა გინდათ და არ აქვს მნიშვნელობა სად და რა პოზიციაზე იმუშავებთ. ასეთი პირველადი შთაბეჭიდილება კი სახარბიელო ნამდვილად არაა. ასე რომ, კარგად წაიკითხეთ სამუშაო აღწერილობები, ნახეთ რომელი პოზიციაა თქვენთვის უფრო სასურველი და რომელს შეესაბამება თქვენი გამოცდილება და განათლება და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნეთ რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

თუკი კომპანია ისეთ მოთხოვნებს აქვეყნებს, რომლებსაც ნაწილობრივ შეესაბამებით, მაგალითად, გაქვთ მსგავსი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ არა 5 წლიანი როგორც მოთხოვნილია, არამედ ვთქვათ – 2 წლიანი. მაინც გააგზავნეთ CV. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თუკი ძალიან აცდენილი არ არის თქვენი CV და გამოცხადებული ვაკანსია, ცადეთ ბედი, შეიძლება გაგზავნილ რეზიუმეებს შორის, თქვენი ყველაზე მეტად შეესაბამებოდეს სამუშაო პოზიციას და დაგიბარონ პირველად გასაუბრებაზე. მაგრამ გახსოვდეთ, ალალბედზე ნუ გადააგზავნით CV-ს, „იქნებადა გამოვიდეს“ პრინციპით. ამითი შეიძლება საქმე გაიფუჭოთ და როდესაც მართლა გამოჩდება რაღაც შესაბამისი, თქვენი „ნაცნობი“ CV,  უბრალოდ აღარ განიხილონ.

მოკლედ რომ ვთქვათ, შეეცადეთ რომ თქვენი CV იყოს სადა, აკადემიური, ნუ გამოიყენებთ ჭრელა-ჭრულა ფერებს, მოკვარახჭინებულ ფონტებს, დამერწმუნეთ ასეთ CV-ს სერიოზულად არ აღიქვამენ, არადა, როგორც აღვნიშნეთ, პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტიც. შეეცადეთ ხაზი გაუსვათ იმას, თუ რითია თქვენი კანდიდატურა განსხვავებული სხვებისგან, წარმოაჩინეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება თუ პიროვნული თვისებები, თქვენი განათლება, აჩვენეთ დამსაქმებელს რომ თქვენ ხართ სწორედ ის კანდიდატი, რომელთანაც ღირს შეხვედრა და უფრო ახლოს გაცნობა. გასაუბრების ტქნიკები – ეს უკვე ცალკე თემაა და ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ოღონდ სხვა დროს.