შერჩევის არასტანდartული მეთოდები

by hrming

დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც ბლოგზე ბოლოს სტატია გამოვაქვეყნეთ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ამისთვის თავის გასამართლებელი მიზეზებიც გვაქვს. თავის გასამართლებელი მიზეზი კი ძირითადად ისაა, რომ ბლოგის ავტორები სამსახურიდან ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, და რომ ისევ პროფესიულ თემაზე საუბარი, მათთვის თვითმკვლელობას ნიშნავდა.

დღეისთვის მე გადავწყვიტე თქვენთვის რეკრუტინგის არასტანდარტულ მეთოდებზე მომეყოლა, თავდაპირველად მინდოდა უბრალოდ სტატია მეთარგმნა, მაგრამ რომ დავაკვირდი, არასოდეს გამომდიოდა ისე თარგმნა, რომ საკუთარი კომენტარები არ ჩამერთო. ასე რომ, მოკლედ მოგიყვებით მეთოდების შესახებ, ალბათ თავს არ შევიკავებ რომ არ შევაფასო თითოეული მეთოდი, და საბოლოოდ ვეცდები შევაჯამო სტატია. ხომ უნდა მიხვდეთ რატომ ვთარგმნე საერთოდ ეს სტატია?

სოციონიკა

სოციონიკის თანახმად, თითოეული ჩვენგანი მიეკუთვნება განსაზღვრულ ფსიქოლოგიურ ტიპს, ფსიქოლოგიური ტიპები კი სულ 16-ია. იმის განსაზღვრით, თუ რომელ ფსიქოლოგიურ ტიპს მიეკუთვნებით, რეკრუტერს შეუძლია დაასკვნას, შეესაბამებით თუარა მოცემულ სამუშაოს და შეეწყობით თუარა ხასიათებით თქვენს კოლეგებს და ხელმძღვანელობას.

“სოციონიკა შესაძლებლობას გვაძლევს კანდიდატის შესახებ მივიღოთ აუცილებელი, და ხანდახან ძალიან დეტალური ინფორმაცია, ჯერ კიდევ კანდიდატის დაქირავებამდე, – ამბობს  USK Group-ის გენერალური დირექტორი ანდრეი ნიკოლაევი, _ სოციონიკა წარმოდგენას გვიქმნის მომავალი თანამშრომლის ტალანტების, პროფესიული მისწრაფებების, ცხოვრებისეული პრიორიტეტების, სამსახურის, ხელმძღვანელობის მიმართ დამოკიდებულებების შესახებ. როგორც წესი, ასეთი სიღრმისეული ნიუანსების შემჩნევა ვერ ხერხდება თანამშრომლის კოლექტივში მიღებიდან მინიმუმ 3 თვის მანძილზე. სოციონიკა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ეს ინფორმაცია უკვე პირველ-მეორე გასაუბრებაზე.”

ახლა კომპანია  USK Group ეძებს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც იქნება ჰექსლის ტიპის. “რატომ ჰექსლის? ეს არის ხალხი, რომელიც ადვილად ერგებიან კლიენტებს, შეუძლიათ მხარდაჭერა, შეუძლიათ გამოიწვიონ ნდობა და იყვნენ დამაჯერებლები. ესენი არიან ნამდვილი დიპლომატები და მოლაპარაკების ოსტატები. ჩვენს ბიზნესში, როცა პრაქტიკულად მომსახურების მთელი პროცესი ურთიერთობასთანაა დაკავშირებული, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დამყარდეს კლიენტთან ოპტიმალური კომუნიკაცია. ჰექსლის ეს ძალიან კარგად გამოსდის.

სოციონიკის შესახებ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ აქ >> სოციონიკა.

მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად ვთარგმნი მაგ სტატიას ვიკიპედიიდან, რომელიც საკმაოზე მეტად საინტერესოა. თუმცა მეეჭვება რომელიმე რეკრუტერმა ეს აქ გამოიყენოს. მეტიც, მეეჭვება ღირდეს გამოყენება :)

ასტროლოგია (უფლება გაქვთ, გაგეცინოთ :)))))

ზოგიერთი ხელმძღვანელისთვის ასტროლოგია არის საშუალება შეამოწმოს, თუ როგორი თვისებებით და უნარებით ხასიათდება გუნდის პოტენციური წევრი. როგორც წესი, პროფესიონალი რეკრუტერები იშვიათად მიმართავენ ამ მეთოდს.  თუმცა ზოგიერთი ხელმძღვანელი (იგულისხმება დეპარტამენტის, კომპანიის ხელმძღვანელი და არა რეკრუტერი, ეიჩარი) მაინც იყენებს ამ მეთოდს. 

“ძალიან მართობს ის მიზეზი, რის გამოც ამ კომპანიაში მოვხვდი, _ ჰყვება რეკლამის მენეჯერი ინა მიხაილოვა, _ გასაუბრება იყო ძალიან ჩვეულებრივი, და მხოლოდ ბოლოს გავიგე, რომ სამსახურში მიმიღეს მხოლოდ ჩემი დაბადების თარიღის წყალობით. ჩემი ხელმძღვანელი აღმოჩნდა ნუმეროლოგიით გატაცებული და მცოდნეც, გარკვეულწილად. მან რაღაცები დაითვალა, დახატა ჩემი ცხოვრების გრაფიკი და… ამ გრაფიკის მიხედვით, 24-დან 36 წლამდე წარმატების წლები მაქვს, და აქედან გამომდინარე, მე შემეძლება ამ ასაკში კომპანიასაც წარმატება მოვუტანო”.

მგონი ღირს “დავგუგლოთ” რეკლამის მენეჯერი ინა მიხაილოვა :)))  მართლა მოუტანა თუარა მან წარმატება კომპანიას? ნეტა რამდენი ინა იქნება ამ პოზიციაზე?

ნახატები

ნახატები – კიდევ ერთი მეთოდი ფსიქოლოგიური გამოცდისთვის. იმის მიხედვით, თუ რას დახატავთ, როგორ დახატავთ, როგორ კომპოზიციას აირჩევთ და რა ფერებს გამოიყენებთ, რეკრუტერს შეუძლია (ყოჩაღ, თუ მართლა შეუძლია – მთარგმნელის შენიშვნა) განსაზღვროს თქვენი ხასიათის თავისებურებები. მეტ-ნაკლებად ქრესტომათიულია მაგალითები – ადამიანის, ოჯახის, ხის ფიგურები. თუ ხე დიდი და მყარია, გამოდის განდიდატს აქვს მყარი ხასიათი. დიდი ოჯახის დახატვა ნიშნავს, რომ თქვენ არ გაგიჭირდებათ კოლექტივთან ურთიეთობა, შეწყობა. მუქი ფერების ხშირი გამოყენება თქვენს ჩაკეტილ ბუნებაზე და აგრესიულობაზე მიანიშნებს. თუ ტქვენი ნახატი იქნება სქემატური, ჩათვლიან, რომ თქვენ მერყევი ხასიათი გაქვთ…

“გასაუბრებაზე მთხოვეს დამეხატა არარსებული ცხოველი”, _გვიყვება პროგრამისტი მაქსიმ კნიაზევი, _ მე დავხატე ნიანგისა და არწივის ნაჯვარი – ზევით ჩიტი, ქვემოთ რეპტილია. სახლში რომ მოვედი ინტერნეტში შევძვერი, რათა გამერკვია, თუ რას ნიშნავდა ჩემი ნახატი. აღმოჩნდა, რომ მე აგრესიული ინდივიდუალისტი ვარ, რომელსაც თანამშრომლობას კონკურენცია ურჩევნია. რა თქმა უნდა, ის კომპანია აღარ შემხმიანებია”.

“ასტროლოგია, სოციონიკა და ნახატებთან დაკავშირებული პროექციული მეთოდები, როგორც წესი, დამოკიდებულია ექსპერიმენტატორის პიროვნებაზე და გვაძლევენ ძალიან ცოტა რეალურ ინფორმაციას, – ამბობს “ვიზავი კონსალტ”-ის გენერალური დირექტორი ვალერია დვორცევაია, – მეტიც, ინფორმაცია, რომელსაც მივიღებთ, ძნელად პროგნოზირებს იმას, თუ რამდენად წარმატებული იქნება კანდიდატის მუშაობა კომპანიაში. არ ვამბობ, რომ ეს შარლატანობაა, მაგრამ სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით მიიღონ ინფორმაცია, რომელიც ადეკვატური იქნება ამ სამუშაოსთვის, ან არ არსებობენ, ან ესენი არიან სპეციალისტები, რომლებსაც კლინიკურ ფსიქოლოგიაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ”.

როგორ შეიძლება არ დაეთანხმო? მითუმეტეს, მშვენიერი ფირმა აქვს. მისი კომპანიის საიტი Визави Консалт.

ფსიქოლოგიური ტესტები

ფსიქოლოგიური ტესტი უამრავია, და რომ მიხვდე რომელია “სწორი პასუხი” შეუძლებელია.

“ტესტირება – ერთ-ერთი ყველაზე სანდო მეთოდია ადამიანზე ინფორმაციის მისაღებად, _ თვლის კარიერული კონსულტაციის ცენტრის ტესტირებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი ანა მუხინა, _ ჩვენს ცენტრში არსებობს HR-ლაბორატორია, რომელიც დაკავებულია პერსონალის შერჩევის მეთოდების შექმნით. არსებობს სტანდარტული მეთოდები, და არსებობს ასევე მიზნობრივი მეთოდები, რომლებიც ერგება კონკრეტულ სიტუაციას.”

თუ ერთი კვლევა მიმართულია ინტელექტის დონის განსაზღვრისკენ, სხვა მიმართულია მოტივაციის, პიროვნული მახასიათებლების აღმოსაჩენად. მაგალითისთვის. ლუშერის ტესტი კანდიდატს სთავაზობს ფერებიდან აარჩიოს უფრო მეტად მიმზიდველი ფერი. ეს მეთოდი დამყარებულია იმაზე, რომ თითოეული ადამიანი ფერს აღიქვამს ინდივიდუალურად, და რომ ფერების აღქმა ბევრ რამეზე მიუთითებს. ასეთი ტესტი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მისი მოტივაცია.

“პიროვნების კვლევის სტანდარტიზირებული მეთოდები, რომლებსაც მიეკუთვნება ლუშერი და რორშახი, სანდოა, თუმცა საკითხავია ის, თუ სად და რამდენად კარგად სწავლობდა ექსპერიმენტატორი, როგორია მისი გამოცდილება, _ ამბობს ვალერია დვორცევაია, _ ეს მეთოდები ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ჩანს გამოსაყენებლად, თუმცა რეალურად ასე არ არის. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურ წარმონაქმნებს, 20 წელია დიაგნოსტიით ვარ დაკავებული, მაგრამ მხოლოდ მაქს ლუშერის სემინარის შემდეგ მივხვდი ბოლომდე, მისი ტესტის სტრუქტურას”.

ფიზიოგნომიკა

ფიზიოგნომიკას ძალიან ძველი ისტორიაა აქვს. ამ სწავლების მიხედვით, ადამიანის სახის ნაკვთებისა და მიმიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის პიროვნებასა და მორალურ მახასიათებლებზე. ნიკაპის მოყვანილობით, მაგალითისთვის, მსჯელობენ ადამიანის ნებელობაზე. თუ ნიკაპი მასიურია და კვადრატული ფორმა აქვს, ე.ი. ჩვენს წინაშეა ძლიერი ნებელობის მქონე ადამიანი, ლიდერი. პატარა ნიკაპი კი პირიქით, ადამიანის სირბილეს და მსუბუქ ზასიათზე მიანიშნებს. სახის ნაკვთების ასიმეტრია კი პატრონის ფეთქებადობაზე და გაუწონასწორებელობაზე მიყთითებს, ხოლო სიმეტრია – რაციონალურობაზე და გაწონასწორებულებაზე.

ეს თეორია ძალიან დიდი ხნის წინანდელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიონომიკის მამამთავრებად მიიჩნევიან არისტოტელე, ლეონარდო და ვინჩი და ჩარლზ დარვინი, ფიზიონომიკამ მაინც ვერ მიიღო “მეცნიერული” თეორიის სტატუსი.

შერჩევა ფოტოს მიხედვით

ფოტოს მიხედვით კანდიდატების გადარჩევა ახლა ჩვეულებრივი ამბავია, მეტიც, არამარტო მოდელებსა და მსახიობებს არჩევენ ასე. პრეზენტაბელური გარეგნობა გახდა მთავარი პლიუსი front office-ის წარმომადგენლებისთვის, მენეჯერებისთვის.

“რაც შეეხება კანდიდატების არჩევას ფოტოსურათის მიხედვით, ეს ძალიან ჩვეულებრივი მეთოდია, რომელსაც რეკრუტერები აქტიურად იყენებენ, – ამბობს Kelly Services CIS-ის HR-დირექტორი ლუსინე აბგარიანი, _ აქტუალურია, პირველ რიგში ისეთი პოზიციებისთვის, რომლებზეც გარეგნობა სამუშაოს მნიშვნელოვანი “ნაწილია”. მაგალითად, წამყვანების ან პრომო აქციებში მონაწილე გოგოების არჩევისას. გარეგნობა მნიშვნელოვანია ასევე იმ პოზიციებზე მომუშავეთა საქმიანობაში, რომლებსაც შეხება უწევთ კლიენტებთან, პარტნიორებთან, ან საერთოდ ნებისმიერ აუდიტორთან, რადგანაც ისინი წარმოადგენენ კომპანიის სახეს ასეთი პოზიციებია კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერები, პრეს-მდივნები.. სხვა საქმეა, რომ ეს არა ერთადერთი, მაგრამ რიგ შემთხვევაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კადრების შერჩევისას.”

მოემზადეთ ;)

გრაფოლოგია

გრაფოლოგია – ეს არის ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ხელწერით შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მისი პიროვნული და პროფესიული თვისებების შესახებ.

ახლა ხშირად იყენებენ გრაფოლოგიურ ექსპერტიზას პროფორიენტაციისა და პერსონალის შერჩევისას. თუმცა, სიმართლე ითქვას, ამ მეთოდს ყველაზე მეტად ევროპულ ქვეყნებში იყენებენ. ჩვენთვის ეს ჯერჯერობით ეგზოტიკაა.

“გრაფოლოგიური ექსპერტიზა კარგია იმით, რომ მასზე დახარჯული დროის რესურსი დიდი არ არის, თუმცა ამისდა მიუხედავად საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სანდო მონაცემები კანდიდატის შესახებ, _ ამბობს “მეტროპოლისის” კარიერის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ანა ნაზაროვა, _ ადამიანს არ უწევს იჯდეს ჩვენთან საათობით, საკმარისია დაწეროს რამდენიმე წინადადება. ამას გარდა, ფსიქოლოგიური ტესტებისგან განსხვავებით, რომლებიც გამოცდილ კანდიდატებს ზეპირად აქვთ ნასწავლი, გრაფოლოგიური ანალიზი არ მისცემს საშუალებას, რომ მოგვცეს სოციალურად მისაღები  პასუხი. ხელნაწერის ექსპერტიზას არ ვაკეთებთ ნებისმიერი შეკვეთის დროს. თუ დამკვეთი კომპანია ითხოვს პიროვნების ღრმა ანალიზს, კანდიდატთან გასაუბრების დროს ჩვენ ვთხოვთ დაწეროს რამდენიმე სტრიქონი. ამის შემდეგ ჩვენ ვეუბნებით კანდიდატს რისთვის გვჭირდება მისი დაწერილი ტექსტი და ვთხოვთ თანხმობას გრაფოლოგიური ექსპერტიზისთვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ ორ გრაფოლოგთან. ერთი მათგანი ბიოლოგია განათლებით, და გვაძლევს კანდიდატის დახასიათებას შრომისუნარიანობისა და სტრესგამძლეობის კუთხით. ხოლო მეორე სპეციალისტი გვეხმარება განვსაზღვროთ პიროვნული მახასიათებლები.”

უპირატესობა – არაჩვეულებრიობაში 

როგორც წესი, შერჩევისას ეს მეთოდები არ გამოიყენება ორი მიზეზის გამო, პირველი მიზეზი არის ის, რომ განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება მათ გამოყენებას, და შემდგომ ინტერპრეტირებას, ხოლო მეორე მიზეზი არის ის, რომ არსებობს გაცილებით ხელმისაწვდომი და მარტივი მეთოდები, რომელთა შედეგების ინტერპრეტირება მარტივია. მაგალითად კომპეტენციის ინტერვიუ, სტრეს-ინტერვიუ და ა.შ.

რაც შეეხება შერჩევის ამ არასტანდარტული მეთოდების ზოგიერთ კომპონენტს, ისინი ისედაც გამოიყენება ჩვეულებრივი შერჩევისას. მაგალითად მიმიკისა და ჟესტების ანალიზი (ფიზიოგნომიკის ნაწილი) პრაქტიკულად არის კიდევაც გასაუბრების შემადგენელი ნაწილი, შესაძლოა არაცნობიერ დონეზეც კი, და არა სპეციალურად, მაგრამ მაინც – უყურებ კანდიდატს თვალებში, და ან მზერას გარიდებს, ან სკამზე ცმუკავს, ან ინტერვიუერის სავიზიტო ბარათს აწვალებს…

ყველას გვახსოვს (მე არ მახსოვს – მთარგმნელის შენიშვნა), რომ 90-იანი წლების ბოლოს კადრების შერჩევისას აპლიკაციის ბოლოს იყო ფრაზები “მხოლოდ ქალწულის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებულები”, “ქალწული, თხის რქა”. როგორც წესი, ეს განცხადებები იყო მარკეტინგის სფეროში არსებულ პოზიციებზე, ან სხვა “უსინდისო” სამუშაოებზე.  ამას გარდა ხშირად იყო განცხადებები, რომელიც იწყებოდა მსგავსი ფრაზით “წარმატებული ხელმძღვანელები ეძებენ შემცვლელს”… და რატომ იყო მოთხოვნა მიწის სტიქიის წარმომადგენლებზე? იმიტომ რომ ამ სტიქიის ქვეშ დაბადებული ზოდიაქოს მატარებლები მყარად დგანან მიწაზე, განსხვავებით ჰაერის სტიქიისგან, რომლებიც ღრუბლებში დაფრინავენ.. რეალურად კი, თანამედროვე დროში, მსგავსი განცხადებები აპლიკაციის ბოლოს მხოლოდ ღიმილს იწვევს (ხშირ შემთხვევაში კი სიცილს და ხარხარს – მთარგმნელის შენიშვნა)

რაც შეეხება ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გრაფოლოგია და ხატვა, ისინი უფრო ახლოსაა “ხალხთან”, განსაკუთრებით ბოლო. ხატვამ პოპულარობა მოიპოვა ტრენინგების საშუალებით, სადაც ადამიანებს სთხოვდნენ დაეხატათ საკუთარი თავი, სახლი, ან ის, რაზეც იმ მომენტში ფიქრობდნენ. ვფიქრობ (სტატიის ავტორი ფიქრობს – მთარგმნელის შენიშვნა), რომ ეს ელემენტი შესაძლოა გამოყენებული იყოს გასაუბრებაზე. უპირატესობა იმაში მდგომაროებს, რომ უჩვეულო ექსპერიმენტია. ბოლო დროს კარიერის კონსულტანტების რაოდენობამ და მათი მომსახურების დაბალმა ფასმა (ეს ყველაფერი რუსულ რეალობაში, თორემ ქართულში ნაკლებად გვხდევიან ასეთი კონსულტანტები და მითუმეტეს მაღალია მათი მომსახურეობის გადასახადი – მთარგმნელის შენიშვნა) გამოიწვია ის, რომ კანდიდატები მომზადებულები არიან ჩვეულებრივი ტიპის გასაუბრებისთვის, რაც არ არის ხელსაყრელი კომპანიისთვის. ამიტომაც გარკვეულწილად უჩვეულო ტიპის გასაუბრება ხელს აძლევს თავად კომპანიას გაიგოს ის, რაც აინტერესებს, და არა ის, რაც სოციალურად მისაღებია.

როგორ შეიძლება შევაჯამოთ სტატია? მე, მაგალითად, მქონია უჩვეულო ტიპის გასაუბრება, უფრო ზუსტად, დავსწრებივარ მსგავსს გასაუბრებას, უშუალოდ მე არ ჩამიტარებია, და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი გასაუბრება. სამწუხაროდ,  ვერ გიამბობთ ამ გასაუბრების დეტალებს, პროფესიული საიდუმლოა, თან სხვისი პროფესიული საიდუმლო.

თუმცაღა, მოგცემდით რჩევას, რომ მეტი შემოქმედებითობა გამოგეყენებინათ და მაქსიმალურად “ამოგეგდოთ მოსალოდნელი სცენარიდან” კანდიდატი. ანუ მან იცის, რომ ესე მოხდება, ამას ჰკითხავთ, ეს გაინტერესებთ… მან იცის და მომზადებულია. მომზადებულია იმისთვის, რომ უნდა გითხრათ ის, რასაც მისგან მოელით და არა ის, რაც რეალურად არის. გინდათ ეს? თქვენი გადასაწყვეტია.

About these ads